English / ქართული / русский /
მზია შელია
თაობათაშორისი ტრანსფერტის საკითხის კვლევა საქართველოში

ანოტაცია 

ნაშრომში განხილულია საქართველოში მაკრო და მიკროდონეზე თაობათაშორისი ტრანსფერტების კვლევის აქტუალობის საკითხი. გაანალიზებულია კვლევათა ფრაგმენტულობის მიზეზები. სოციოლოგიური კვლევის მეთოდით შესწავლილია ოჯახში თაობათაშორისი ტრანსფერტების მიმართულებები,  ფორმა და ხასიათი. 

საკვანძო სიტყვები: მოსახლეობა, დაბერება, ტრანსფერტი, თაობათაშორისი ურთიერთობა

ბოლო ორი საუკუნეა რესურსების განაწილება-გადანაწილების საკითხი სამეცნიერო წრეების მუდმივი ყურადღების საგანია.  თუმცა მოსახლეობის დემოგრაფიულ განვითარებაში მიმდინარე ცვლილებებმა, კერძოდ, მოსახლეობის ინტენსიური დაბერების პროცესმა ეს საკითხი როგორც მაკრო, ისე მიკროდონეზეც აქტუალური გახადა.

ცნობილია, რომ  მოსახლეობის დაბერება ასაკობრივი სტრუქტურის ევოლუციის შედეგია და  ხანდაზმული და მოხუცი ადამიანების წილის მუდმივ ზრდას გულისხმობს. ამ კონტინგენტის ზრდა  კი ცვლის მოხმარების სიდიდეს და შრომით შემოსავლებს.  ითვლება, რომ პენსიონერი მოსახლეობა უფრო მომხმარებელია, ვიდრე მწარმოებელი. ამიტომ, თუ ადრე, დემოგრაფიულად  ახალგაზრდა საზოგადოებაში თაობათაშორისი ტრანსფერტების საკითხის განხილვისას ინტერესის ძირითადი საგანი იყო სახელმწიფო სოციალური ტრანსფერტი სოციალური დახმარების, საპენსიო  უზრუნველყოფის  სახით,  ამჟამად ამის პარალელურად სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა თაობებს შორის ოჯახში ბიუჯეტისა და რესურსების განაწილება-გადანაწილების საკითხს.

თაობათაშორისი ტრანსფერტების შესწავლა მაკროდონეზე საშუალებას იძლევა, განვსაზღვროთ, რამდენადაა დაბალანსებული საზოგადოების მოხმარება არსებული რესურსებით როგორია პენსიონერთა უზრუნველყოფის პერსპექტივა როგორ ხდება სიმდიდრის გადანაწილება თაობათაშორის  მთელი  სიცოცხლის მანძილზე მიკროდონეზე კი იგი განსაზღვრავს ოჯახის როლს სოციალური დაცვის სისტემაში. რადგან ოჯახი, ჯერჯერობით, რჩება იმ ორგანიზაციად, რომელიც საზოგადოებისათვის ე.წ. „სოციალური კაპიტალის“ მიმწოდებელია, თაობათაშორისი ტრანსფერტის შესწავლა მიკროდონეზე გვიჩვენებს, როგორ ახდენს ოჯახი შემოსავლის გადანაწილებას თაობათა შორის მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

თაობათაშორისი ტრანსფერტები ოჯახში სხვადასხვა სახისაა. კერძოდ, განასხვავებენ ფინანსურ, მატერიალურ და ინსტრუმენტულ ტრასფერტებს.

ფინანსური ტრანსფერტი ფულისა და სხვა ფინანსური აქტივების სახით (დაზღვევა, ობლიგაციები, აქციები და სხვ) გადაცემული თანხაა, მატერიალური კი  ყოველდღიური ან ხანგრძლივი მოხმარების საგნების გაცვლას გულისხმობს, ხოლო ინსტრუმენტული თაობათაშორის დროის გადანაწილებას, სხვადასხვა მომსახურების გაწევას (მაგალითად, ავადმყოფის მოვლა). ყველა სახის ტრანსფერტი შეიძლება იყოს კერძო ან სოციალური, სახელმწიფო არხებით მიღებული.

მსოფლიო დემოგრაფიული პროცესების მკვეთრი ცვლილებების, კერძოდ, მოსახლეობის ინტენსიური დაბერების ფონზე მაკროდონეზე თაობათაშორის ურთიერთობისა და თაობათაშორისი ტრანსფერტების შესახებ მეცნიერული კვლევები, ძირითადად, 1960-იანი წლებიდან იწყება, მიკროდონეზე კი  1990-იანი წლებიდან. კერძოდ, განიხილებოდა შემდეგი საკითხები:

- ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფო და კერძო ტრანსფერტებს შორის;

- ურთიერთდამოკიდებულება სოციალურ ტრასფერტებს, დანაზოგებსა და ეკონომიკურ  ზრდას შორის;

- მოსახლეობის დაბერების ფინანსური შედეგები;

-ტრანსფერტების გავლენა შემოსავლების გადანაწილებასა და უთანასწორობაზე.

ამჟამად სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ისეთი საკითხის კვლევას, როგორიცაა დემოგრაფიული ფაქტორის გავლენა სოციალური ტრანსფერტების  მიმართულებაზე, მის სიდიდეზე. ამას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოლიდარული ურთიერთობები ოჯახსა და საზოგადოებაში. მიჩნეულია, რომ სოლიდარული ურთიერთობები ოჯახსა და საზოგადოებაში სოციალური ევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფუნქციონალური სოლიდარობა კი გამოიხატება უფასო სიკეთისა და მომსახურების გაწევის,  ოჯახის წევრთა ურთიერთდახმარების ინტენსიურობით. ამის ხელშემშლელი მიზეზი კი შეიძლება იყოს  ისეთი დემოგრაფიული პროცესები, როგორიცაა განქორწინების რიცხვის ზრდა, ხელმეორე ქორწინებათა მატება, დაურეგისტრირებელ ქორწინებათა გავრცელება. მიგრაციული პროცესების ინტენსიურობის ზრდის გამო თაობათაშორისი ტრანსფერტები სულ უფრო ხშირად ხორციელდება მეგობრულ და მეზობლურ ურთიერთობათა ხარჯზე[ Tukhashvili M., Shelia M., 2012].

საქართველოში სოციალური ტრასფერტების განაწილება, როგორც მაკრო, ისე მიკროდონეზე, მეცნიერულად ნაკლებადაა შესწავლილი. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი  დისკუსია იმართება სოციალური დახმარებისა და პენსიის ოდენობის საკითხებზე  და არა მათი ორგანიზაციის მეთოდებზე, პრინციპებზე, სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. ამის თაობაზე გადაწყვეტილებები პოლიტიკურ მოსაზრებებს უფრი ეყრდნობა, ვიდრე მეცნიერულად დასაბუთებულ ეკონომიკური ხასიათის დასკვნებს.

ტრანსფორმირებად საზოგადოებაში სოციალური დაცვის რეფორმის აუცილებლობამ ბევრჯერ დასვა საკითხი საპენსიო უზრუნვეყოფის სისტემის მოდერნიზაციის შესახებ. განსაკუთრებით გააქტიურდა ამაზე მსჯელობა 2000-იანი წლების დასაწყისში. მიუხედავად ზოგიერთი მკვლევრის მცდელობისა(დ.ძნელაძე, გ. ძნელაძე, დ. ვეკუა, მ.შელია და სხვ.), იგი ძირითადად, ადმინისტრაციული მსჯელობის სფეროს ვერ გასცდა. მაკროდონეზე  ამ საკითხის მეცნიერული  კვლევის შედარებით გააქტიურება შეიმჩნევა 2013 წლიდან. შესაბამისად ჩნდება პუბლიკაციები სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სრულყოფაზე(ი. არჩვაძე, მ.ჭიპაშვილი, გ. გიგუაშვილი, ნ.გელიტაშვილი და სხვები).

რაც შეეხება საოჯახო ბიუჯეტის საკითხებს, 1970-იან წლებში საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული შერჩევითი კვლევის საფუძველზე აკად. პ. გუგუშვილი გვთავაზობს ოჯახის ხარჯების ანალიზს. თუმცა თაობათაშორის ტრანსფერტთა გადანაწილებას ის არ ეხება [პ. გუგუშვილი, 1990]. ეს საკითხი ყურადღების ქვეშ მხოლოდ 2008-2009 წლებში მოექცა, როცა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა მასშტაბური კვლევა, „Generation&Gender Survey in Georgia“. სამწუხაროდ, არსებული პროგრამის ფარგლებში კვლევის მესამე ტალღა აღარ ჩატარებულა. მეორე ტალღის მასალა კი შემცირებული მასშტაბით გამოქვეყნდა. ამ კვლევის ფარგლებში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი უამრავი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვაა საჭირო, რაც ართულებს საკითხის სიღრმისეულ კვლევას და,   შესაბამისად, კომპეტენტური დასკვნების გაკეთებას. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სტატისტიკის  ეროვნული სამსახურის მიერ შინამეურნეობათა კვლევის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს ის კითხვებიც, რომელიც წარმოდგენას მოგვცემდა ოჯახში თაობათაშორის ფინანსური თუ მატერიალური რესურსების გადანაწილებაზე. ეს კი  სოციალური დახმარების სისტემას უფრო მოქნილს და მისამართულს გახდიდა.

თაობათაშორისი ტრანსფერტების ანალიზისას გამოიყენება როგორც დემოგრაფიული, ისე ეკონომიკური და სოციოლოგიური მიდგომები. კვლევისას  იყენებენ როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მეთოდებს. თუმცა რაოდენობრივი მეთოდი მხოლოდ ფინანსური და მატერიალური ტრანსფერტების შეფასების საშუალებას იძლევა, ხოლო თვისებრივი მეთოდით ვერ ვლინდება კერძო ტრანსფერტების მასშტაბი.

ჩვენ შევეცადეთ თაობათაშორისი ტრანსფერტები ოჯახში შეგვესწავლა სოციოლოგიური კვლევის მეთოდით. კვლევა ჩატარდა 2013-2014. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ. იგი ითვალისწინებდა პოსტსაბჭოთა პერიოდში ოჯახში არსებული ურთიერთობების ტრანსფორმაციის შესწავლას. გათვალისწინებულ იქნა თაობათაშორისი ურთიერთობის, თაობათაშორისი ტრანსფერტების საკითხის  გამოკვლევაც. შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 2012 რესპონდენტი. შერჩევა მოხდა რესპონდენტთა  სქესის, ასაკისა და განათლების მიხედვით.

კვლევით დადგინდა, რომ ტრანსფერტები უფრო მეტად მიმართულია უფროსიდან უმცროსი თაობისაკენ. უფროსი თაობის რესპონდენტთა 55% მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უწევს უმცროსი თაობის წარმომადგენლებს, მაშინ, როცა შვილთა თაობიდან ყოველი მეოთხე ახერხებს ამას. მშობელთაგან 22%, შვილების 31% აღნიშნავს, რომ მხოლოდ მორალურ დახმარებას ახერხებენ. ყველანაირად ეხმარება უფროსი თაობის რესპონდენტთა 4,3%, უმცროსი თაობის რესპონდენტთა 2,6%. ვერანაირად ვერ ეხმარება შვილებს უფროსი თაობის რესპონდენტთა  15%, უმცროსი თაობის რესპონდენტთა  32,2%.  აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო ფინანსურად და მატერიალურად ეხმარებიან მშობლებს, ხოლო  ქალები _ მორალურად. ეს აიხსნება იმითაც, რომ საქართველოში ქალთა საშუალო ხელფასი მამაკაცთა საშუალო ხელფასის  მხოლოდ ორი მესამედია. გამოვლინდა, რომ რაც მეტია განათლების დონე, მით მეტია ფინანსური დახმარების სიდიდე. დადგინდა, რომ ფინანსური ტრანსფერტი ოჯახის საშუალოთვიური შემოსავლის 16,2%-ია. თუმცა მშობელთა მხრიდან ის მათი ოჯახის საშუალოთვიური შემოსავლის 21%-ია, შვილებისგან კი _ 12%. რესპონდენტთა 70% (როგორც შვილები, ისე მშობლები)  ტრანსფერტებს რეგულარულად იღებენ, უმეტესწილად,  ყოველთვიურად. ტრანსფერტების მოტივაცია წმინდა ალტრუისტული ხასიათისაა. ხანდაზმულთა რიცხოვნობის ზრდას ქვეყანაში თვით ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი არ შეურყევია საუკუნეების განმავლობაში ფორმირებული სოლიდარული ურთიერთობები თაობათაშორის [Shelia, M., 2014]. ამ ფონზე, ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესო იყო შეგვესწავლა ტრასფერტები შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუებს შორის. აღმოჩნდა, რომ შვილიშვილი რესპონდენტების დახმარება უმეტესწილად მორალური და ფიზიკური ხასიათისაა (54%), მაშინ, როცა ბებია-ბაბუების მხრიდან ისინი უმეტესად იღებენ ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას (53%). ვერავითარ დახმარებას ვერ უწევს 32,7% და ვერავითარ დახმარებას ვერ იღებს 28,4%. შვილიშვილი რესპონდენტებისგან მხოლოდ 13% ეხმარება ფინანსურად და მატერიალურად ბებია-ბაბუებს. რესპონდენტთა 70% აცხადებს, რომ როგორც გაწეული, ისე მიღებული დახმარება რეგულარულია, უმეტესად ყოველთვიური. რაოდენობრივად ის ძალიან მცირეა, თუმცა ბებია-ბაბუების მიერ გაწეული დახმარების სიდიდე ორჯერ მეტია შვილიშვილებისგან გაწეულ დახმარებაზე. დადგინდა ისიც, რომ ბებია-ბაბუების მიერ გაწეული ფინანსური და მატერიალური დახმარება არაა განსხვავებული არც გენდერულ ჭრილში და არც განათლების მიხედვით. ეს უკანასკნელი გასაკვირიც არაა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო ასაკის მოსახლეობის განათლების პოტენციალი საქართველოში მაღალია, ფიქსირებული სახით მიღებული მიზერული რაოდენობის პენსია განათლების დონის მიხედვით ტრანსფერტთა დიფერენციაციის საშუალებას არ იძლევა.

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ოჯახი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოხუცთა უსაფრთხოებაში, ის მათი მორალური საყრდენია, რაც აძლიერებს მათ ფსიქო-ფიზიოლოგიურ წონასწორობას და მოხუცთა ორ მესამედს იცავს სოციალური სიკვდილისაგან. მართალია, ფინანსური ტრანსფერტის სიდიდე მცირეა (ზრდასრული შვილებისგან მიღებული ტრასფერტის საშუალო სიდიდე სახელმწიფო პენსიის 60%, ხოლო შვილიშვილებისგან მიღებულისა   39%-ია), მაგრამ, ტრასფერტების რეგულარული ხასიათის გამო, ისინი ავსებენ მოხუცთათვის  საჭირო სამომხმარებლო  მინიმუმს და არ აქვეითებს  მათ სიცოცხლისუნარიანობას. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.არჩვაძე.ი., არჩვაძე ნ., (2013). მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება და საპენსიო სისტემის ოპტიმიზაციის პრობლემები.  მერიდიანი. თბილისი

2.გუგუშვილი პ., (1990). ოჯახის ეკონომიკის საკითხები. წიგნში: სოციოლოგიისა და დემოგრაფიის პრობლემები. თბილისი, მეცნიერება, გვ.47-69

3. გიგუაშვილილ გ., (2014). სოციალური დაცვის ეროვნული სისტემის პრიორიტეტები. სამეცნიერო შრომების კრებული/გორის სასწავლო უნივერსიტეტი. თბილისი,  N 6. გვ. 76–80.

4.გელიტაშვილი ნ.,  (2009). სოციალური დაცვის მოდელები ევროკავშირის ქვეყნებში. ჟ. ეკონომიკა და ბიზნესი. თბილისი,  #3. გვ. 53-62.

5. ვეკუა დ., (2003). სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა და საქართველოში მისი განხოციელების პერსპექტივები. ფინანსები.თბილისი.

6. ვეკუა დ., (2008).სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მაკროეკონომიკური რეგულირება საქართველოში. სამეცნიერო შრომების კრებული. თბილისი,  ტ. I, გვ.196-202

7. მენაბდიშვილი ლ., (2014). ოჯახის ფორმირების პრობლემები. კრებულში:დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი.

8. მენაბდიშვილი ნ., (2014). მეუღლეთა ურთიერთობები და მოვალეობათა განაწილება თანამედროვე ოჯახში. კრებულში დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი.

9. ოჯახური ურთიერთობები და თაობათა ურთიერთდამოკიდებულება საქართველოში. (2010 ). გამოკვლევის მე-2 ტალღის ანგარიში. მოსახლეობის კვლევის ეროვნული ცენტრი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდი. თბილისი.10. 

სულაბერიძე ა., (2007). ფიქრები ქართულ ოჯახსა და დემოგრაფიაზე. თბილისი

11. შელია მ., (1999). მოსახლეობის დაბერება საქართველოში. თბილისი.

12. შელია მ., (2013). ხანდაზმული მოსახლეობა საქართველოში (სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები). უნივერსალი. თბილისი,

13. ძნელაძე დ.,(2000). სოციალური დაცვა და დაზღვევა საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში საქართველოში. თბილისი.

14.ძნელაძე გ., (2007). საპენსიო რეფორმა საქართველოში -წინამძღვრები, პრობლემები და პერსპექტივები. ბიულეტენი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, თბილისი. #103. გვ.37-56

15. ჭიპაშვილი მ.,(2010). სოციალური დაცვის სისტემა საქართველოში რეფორმამდე და რეფორმის შემდგომ. ჟ. ეკონომიკა. თეუსუ. თბილისი,  #3(11), გვ.59-76.

16.Shelia M., (2014). Intergenerational Family  Relationships Against the Background of Intensive Aging in Georgia.  Social  sciences  and  humanities  review 03(03):431-437 . 
17.Tukhashvili M, Shelia M., (2012) The impact of labor emigration on the demographic and economic development of Georgia in the post-Soviet period. http://cadmus.eui.eu/handle/1814/24872.